შექმენი შენი ტური

მართლმადიდებლური სიწმინდენი საქართველოში ( 6 დღე )

6 დღე საქართველო
0
შეკვეთა

აღწერა

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობის უძველესი კერიდან - სირიიდან მოვიდნენ ასურელი მამები ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქრისტიანობის განსამტკიცებლად და შემორჩენილ წარმართობასთან საბრძოლველად VI საუკუნეში. მათ უკავშირდება საქართველოში სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბება და მათ მიერ დაფუძნებულ სალოცავებში ძლიერი კულტურული კერების შექმნა. მათი შექმნილი და დღესაც მოქმედი სალოცავებია მარტყოფის, გარეჯის, შიომღვიმის, ალავერდის, ნეკრესის, წილკნის, სამთავისის და ზედაზენის ტაძრები, რომლებიც ამავდროულად ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლებიცაა. 13 ასურელ წმინდანთაგან ზოგიერთი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განისვენებს და ეს 6 დღე სრულ შესაძლებლობას იძლევა მათ მიერ დაარსებული სავანეებისა თუ მათი განსასვენებლის მონახულებისა და მოლოცვისა.

განრიგი

  დღე 1. ქანდა , ბრეთა , დირბი , სამთავისი:

  • დაწყების დრო:  07:00
  • დასრულების დრო: 20:00

თქვენი ტური იწყება ადგილით, სადაც ქრისტეს ენაზე შესრულებულ ულამაზეს საგალობელს მოისმენთ. უამრავი ადამიანისთვის ეს იმდენად დიდი ემოციაა, რომ აქ უბრალოდ გალობის მოსასმენადაც მოდიან ხოლმე. ამ ემოციით დამუხტულები ბრეთას ვეწვევით, ღირსი მამა პიროს ბრეთელის დაარსებულ მონასტერს, რომელიც შუა საუკუნეების მანძილზე საგანმანათლებლო კერა იყო. ღირსი მამის წმინდა ნაწილები ეკლესიაშია დასვენებული.

დირბის დედათა მონასტერი. ადგილი, სადაც ფეხმძიმე ღვთისმშობელია გამოსახული. ასეთი ფრესკა ერთადერთია მართლმადიდებელ სამყაროში. მოგვიანებით ამ ფრესკის საფუძველზე შეიქმნა ხატი, რომელიც სასწაულმოქმედადაა მიჩნეული. არსებობს უამრავი მაგალითი, როცა ამ ხატის წინაშე ლოცვა–ვედრების შემდეგ დიდი ხნის უნაყოფო წყვილებს შვილები შეეძინათ.

სამთავისი. ტაძარი, რომელიც ისიდორე სამთავნელმა დააარსა და სადაც ქადაგებდა, მოაქცევდა და კურნავდა ადამიანებს. აქვე განისვენებს მისი ნეშტი, და ბოლოს-წილკანი. ისე წილკნელის განსასვენებელი. იგი სნეულებს კურნავდა, დავრდომილებს აღადგენდა, კერპებს არღვევდა და განამტკიცებდა მართლმადიდებლობას.

ეს დღე თბილისში დასრულდება.

დღე 2. თბილისი , ზედაზენი , მცხეთა , შიომღვიმე:

  • დაწყების დრო: 07:00
  • დასრულების დრო: 19:20 

თქვენი ტურის მეორე დღე ფიზიკურად ნაკლებად დატვირთული იქნება. თბილისთან ახლოს შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ 4 უწმინდესი ადგილი და დაესწროთ წირვას მთაზე, სადაც იოანე ზედაზნელმა სალოცავი დააარსა. აქ იდგა  ზადენის კერპთაყვანისმცემლური კერპი. როდესაც აქედან გადაშლილ ხედს იხილავთ, მიხვდებით თუ რატომ ირჩევდნენ ამ ადგილს სხვადასხვა რელიგიის მქადაგებლები. აქვეა იოანე ზედაზნელის ქვის კუბო საკურთხეველში და წყარო, რომელიც იოანე ზედაზნელის ლოცვით აღმოცენდა.

სვეტიცხოველი. გოლგოთიდან საქართველოში ჩამობრძანებული ქრისტეს კვართზე აგებული  ტაძარი და საქართველოს მრავალ წმინდა სალოცავთაგან ერთ-ერთი გამოჩეული. იუნეკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, საქართველოს უძველესი დედაქალაქი - მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, კლდეში ნაშენები შიომღვიმე - ეს ის ადგილებია, სადაც მომლოცველები თითეულ ნაბიჯზე  უდიდესი სიწმინდეების მხილველები არიან.

დღე 3. თბილისი:

  • დაწყების დრო: 08:40
  • დასრულების დრო: 21:00

ეს დღე თბილისში გატარებული ლამაზი და სასიამოვნო დღე იქნება, თუმცა აქაც ნახავთ ისეთ სიწმინდეებს, როგორიცაა ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, მოისმენთ ქაშუეთის ტაძრის დაარსების საოცარ ისტორიას, იხილავთ დავით გარეჯელის სავანეს მთაწმინდად წოდებულ წმინდა მთაზე (სიტყვასიტყვით ასეც ითარგმნება), დაათვალიერებთ მსოფლიოში სიდიდით მესამე მართლმადიდებლურ ტაძარს - წმინდა სამებას...

დღე 4. მარტყოფი , შუამთა , იყალთო , ალავერდი , თელავი:

  • დაყების დრო: 09:00
  • დასრულების დრო: 20:30

მეოთხე დღე კახეთს ეთმობა. გზად იოანე მარტყოფელის სავანეა, თბილისთან ახლოს, შემდეგ უკვე შუამთის მონასტერი გასაოცარი სილამაზის გზით. იყალთოს მონასტერი მამა ზენონის დააარსებულია. აქვე გახლდათ იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საგანმანათლებლო საქმეში. შემდეგ კი - ალავერდი, ალაზნის ველზე აგებული ცაში ატყორცნილი თეთრად მოქათქათე ტაძარი და იოსებ ალავერდელის საფლავი. აქ საღამოს ლოცვას დაესწრებით და ქართული სულის მეორე სალოცავს - ღვინოსაც დააგემოვნებთ მუზეუმ-მარანში. ეს დღე თელავში სრულდება.

დღე 5. ნეკრესი , ხირსა , ბოდბე , სიღნაღი:

  • დაწყების დრო: 9:30
  • დასრულების დრო: 17:30

ნეკრესი ისტორიული ქალაქია კახეთში, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. აქვე  მოკლე ხანში დაარსდა საეპისკოპო. უდიდესი რელიგიური დატვირთვის გარდა შენიშნავთ, რომ  აქაურობა დიდებულია. აქედან ხირსას ვეწვევით, მამა სტეფანე ხირსელის საფლავის მოსალოცად, სადაც შემორჩენილია სტეფანოზ ხირსელის შემდეგ ხატის სახით გავრცელებული ფრესკა.

წარმოუდგენელია კახეთში იყო და ბოდბე არ მოინახულო, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს განსასვენებელი და მისი ლოცვით აღმოცენებული სასწაულთმოქმედი მკურნალი წყარო. აქ მოწიწებით მოქცევა გმართებთ - ხმაურზე წყარო ცოტა ხნით წყდება. ღამე ულამაზესი სიღნაღი გმასპინძლობთ.

დღე 6. დავით გარეჯი:

  • დაწყების დრო: 07:30
  • დასრულების დრო: 16:30

დავით გარეჯი. აქ სანახავი და მოსალოცი იმდენია, რომ მას მთელი დღე ეთმობა. თუმცა არის ადგილები, რომელთა ნახვაც შესაძლოა გაჭირდეს, რადგან ამჟამად ეს უკვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაა. აქ შემორჩენილია ქართველთა უდიდესი ქალი მეფის - თამარის 4 შემორჩნილ ფრესკათაგან ერთ-ერთი. ამ კომპლექსში შედის გარეჯის ლავრა, პირველი მონასტერი, უდაბნო, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, წამებული... და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნახევრადუდაბნომ და კლდის ქვაბულებმა ცოტა დაგღალონ კიდეც, ამბობენ , რომ დავით გარეჯში სამჯერ ჩასვლა იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასია.

ტური ითვალისწინებს:

  • გიდი: უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • ტრანსფერი: თბილისის აეროპორტიდან/აეროპორტში
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • გადაადგილება: კომფორტული ავტობუსი, (მიკრო ავტობუსი)
  • კვება: სამჯერადი
  • წყალი: შეუზღუდავი
  • ბილეთი: ტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე

 ტური არ ითვალისწინებს

  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას ტურით გათვალისწინებულის გარდა
  • სასტუმროს: ინდივიდუალური განთავსებით
  • სამოგზაურო დაზღვევას

 ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე:

  • ადგილმდებარეობა: საქართველო
  • ზღვის დონიდან: 380 - 770 მ 
  • კლიმატი: თბილი , ზომიერად ნოტიო. 
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანო- მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო-საშუალოდ რთული

 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:

  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ.

 

* შესაძლებელია ტურის მოდიფიცირება.