შექმენი შენი ტური
საქართველო ეს...

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლესაც კაცი ერთ დღეში გადასერავს მანქანით, მაგრამ ეს დიდი სისულელე იქნება, რადგან  საქართველოს დიდი ისტორია, მრავლაფეროვანი ეთნოგრაფია, წარმტაცი ბუნება და უცხოელისთვის  უცნობი, ჯადოსნური კულინარია აქვს.

 

  

 

 

საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც თოვლიანი მთებიდან ზღვისპირეთის სავსე პლაჟები მოჩანს. აქ გვერდიგვერდაა უდაბნო, სუბტროპიკები და სამთო კურორტები. ღვინის სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობას თავისი ღვინო აქვს, რაც იმას ნიშნავს,  რომ აქ ადამიანები უვლიან დიდ და პატარა ვენახებს და უძველესი ხერხებით აყენებენ ღვინოს. ვაზი აქ ყველგანაა, ყველაზე მოულოდნელ, ურბანულ გარემოშიც კი.

როგორც სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, საქართველო ისტორიით მსუნთქავი ადგილია. კავკასიონის მთებში დღესაც ნახავთ ციხე-სიმაგრეებად ნაგებ დასახლებებს და მთებს შეფენილ მკვიდრად ნაგებ კოშკებს. ბევრგან, ამ ქვეყანაში, დრო თითქოს გაირინდება ხოლმე და ადამიანი არა მხოლოდ წარსულის, არამედ  რაღაც მარადიულის მონაწილედ გრძნობს თავს.

 

  

 

მარადიული კი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა  ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის  წყაროებში   მოიხსენიება  და არსებობის მანძილზე სრულიად განსხვავებულ სამყაროთა თანხვედრის წერტილი იყო, რაც გამუდმებით აიძულებდა თავდაცვას. ეს გარემოება ქართველებმა გასაოცარი სილამაზით ჩადეს არქიტექტურაში, ქართულ სიმღერასა და ცეკვაში, თუმცა, სტუმართმოყვარეობა  ქართველთა  კიდევ ერთი თვისებაა, რაც ასევე მომხიბლავად აისახა აქაურ კულტურაზე.

 

 

 

საერთოდ   კი აქაური ისტორია ცოცხალია, რადგან აქ გადააწყდებით არგონავტების მითების გამოძახილსაც და სტალინის მშობლიურ ქალაქსაც, შუა საუკუნეების ტაძრებსაც და მსოფლიოში ყველაზე ძველ ოქროს საბადოსაც, ხოლო კულტურათა ოდინდელი გზაჯვარედინისითვის დამახასიათებელი ყოფითი ნაზავი მანამდე უცნობი შეგრძნებებისკენ გიბიძგებთ. საქართველოს მთებში დღესაც იგივე წესით მოიპოვებენ ოქროს მარცვლებს მდინარეებში, როგორც ოდესღაც,  რამაც არგონავტები ოქროს ვერძის ძიებაში აქ  ჩამოიყვანა.

 

 

 

საქართველოს მრავლეფროვნების შემჩნევას მაინცდამაინც დაკვირვებული თვალი არ  სჭირდება. მის ყოველ კუთხეში მისვლისას ადამიანი იქაურ განსაკუთრებულობას არა მხოლოდ გარემოს, არამედ კულინარიის წყალობითაც შეიგრძნობს. კულინარია კი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ფენომენია. საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ამ მხრივ თითქოს ერთმანეთისგან საიდუმლოდ ვითარდებოდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქვეყნის გასტრონომიულ რუკას.

 

 

 

ყველაფერი კი თავს იყრის ქვეყნის მულტიკულტურულ დედაქალაქ თბილისში, სადაც უცხოელი არასდროს იწყენს. ერთ დროს ევროპისა და აზიის საქარავნო გზების შესაყარზე მდებარე თბილისი საუკუნეთა განმავლობაში იხსენიებოდა მოგზაურთა მიერ,  როგორს „სახლი სიხარულისა“ და ახლაც ახერხებს ამ ძველი წოდების შენარჩუნებას.

 

  

 

საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მოსავლელი პატარა ქვეყნაა, რომლის მოვლასაც კარგი თვალი,  გამძლე მუხლი და მრძნობიარე გული სჭირდება.

მიუხედავად ნაიარევებით აღსავსე წარსულისა, აქ იციან სტუმრის მიმართ პატივისცემა და თუ მტერს ხმლით ხელში ხვდებოდნენ, მოყვარესათვის მუდამ მზად ჰქონდათ ღვინით სავსე ფიალა. უბრალოდ რომ ითქვას, ეს არის კეთილგანწყობილი ადამიანების ლამაზი ქვეყანა, სადაც კარგ ღვინოს სვამენ და  გულით და სულით მხიარულობენ სტუმართან ერთად.